რეფლექსიები


სასწავლო  პროექტი  „გაუცხადებელი  მისია“.

გიორგი  მერჩულის  „გრიგოლ  ხანძთელის  ცხოვრების“  მიხედვით
ძველი  ქართული  ლიტერატურის  სწავლებისას  ყოველთვის  ჩნდება  კითხვები  და  ზოგჯერ  ტექსტი  არ  გვაძლევს  საშუალებას  ბოლომდე  ჩავწვდეთ  ნაწარმოების    გმირის   მოქმედების  მთავარ  მიზანს.
   გიორგი  მერჩულის „გრიგოლ  ხანძთელის  ცხოვრების“  სწავლისას  კლასში გაჩნდა  კითხვა: გრიგოლისა  და  მისი  მეგობრების   ქართლიდან  ტაო-კლარჯეთში გამგზავრება  საქართველოს  პოლიტიკური   ცენტრიდან  მოშორებით  განდეგილური  ცხოვრების  სურვილით  იყო  ნაკარნახევი,  თუ  ეს  იყო  გარკვეული  გეგმის  ნაწილი,რომელიც  საქართველოს  პოლიტიკური  ცენტრის  არაბებისგან დაპყრობილი ქართლიდან  ტაო-კლარჯეთში  გადატანას  ემსახურებოდა.
  ისტორიიდან   და  იოანე  საბანისძის  „აბო  თბილელის  წამებიდან“ მოსწავლეებისთვი  ცნობილია  ქართლის ერისთავის ნერსეს  ღვაწლი ,  მისი  მუდმივი  ბრძოლა არაბების  ამირას   წინააღმდეგ.  „გრიგოლ  ხანძთელის  ცხოვრება“  კი  გვაწვდის  ცნობას  იმის  შესახებ, რომ გრიგოლი  ნერსეს  ცოლის ძმისწული  და  მის  კარზე  აღზრდილი  იყო  და  შეუძლებელია  არ  სცოდნოდა  ნერსესა  და  იმდროინდელ წარჩინებულთა  საიდუმლო  გეგმების  შესახებ. თუმცა  ტექსტში  ამაზე  არაფერია  ნათქვამი.
    საკითხის  აქტუალურობამ  მიბიძგა  დამეგეგმა  და  განმეხორციელებინა  პროექტი  „გაუცხადებელი  მისია“.
პროექტის  განხორციელებისას  ვიყენებდი  საგნობრივ  სტანდარტებს:
.ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.
 ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე
.
           პროექტზე   მუშაობა  დავგეგმე  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების მიხედვით:
                *ახალი  იდეების  განხორციელება  და  სხვებისთვის  გაზიარება
                 *ინფორმაციის  კლასიფიკაცია,ანალიზი  და  სინთეზირება პრობლემის  გადასაჭრელად  და  კითხვებზე  პასუხის  გასაცემად.
                  *პასუხისმგებლობის  გაზიარება  მუშაობის  პროცესში
                  *ინფორმაციის  ეფექტურად  და  ეფექტიანად  მოპოვება,კრიტიკული  და  კომპეტენტური  შეფასება, ინფორმაციის  ზუსტად   და  შემოქმედებითად  გამოყენება  მოცემულ  საკითხთან  თუ პრობლემასთან  დაკავშირებით.
                *ადეკვატურად  და  პროდუქტიულად  თანამშრომლობა;
                *ერთიანობისა  და  ეთიკური   ქცევის  დემონსტრირება.

პროექტზე  მუშაობის  დაწყებამდე მსურდა  გამეგო, რა  ინფორმაცია  იყო მოსწავლეებისთვის  ცნობილი    აშოტ  კურაპალატზე,ტაო-კლარჯეთსა  და  ნერსე ერისთავზე
           თავდაპირველად  გამოვიყენე  სქემა:  „ვიცი, გავიგე, მინდა  ვიცოდე“.ჩემთვის  მნიშვნელოვანი  იყო იმის  გაგება, რომ  მოსწავლეთა  უმრავლესობას  სურვილი  ჰქონდა  მეტი გაეგო  აღნიშნულ  საკითხთან  დაკავშირებით.მოსწავლეებს  დავუსვი  კითხვა ,რომელი  თემის  შესწავლა  უფრო  აინტერესებდათ  და,  ამის მიხედვით, ისინი  დავყავი  ლიტერატორების, ისტორიკოსებისა  და  ხელოვნებისმოყვარულთა ჯგუფებად.თითოეულ  ჯგუფს  გავუნაწილე  სამუშაო, მივუთითე  გამოსაყენებელი  ლიტერატურის  სავარაუდო  სია.
ყველაზე  დაძაბული  მუშაობის  პირველი  კვირა  გამოდგა. ინფორმაციის  სიმრავლემ  და  ერთმანეთის  გამომრიცხავმა  მოსაზრებებმა   მოსწავლეები  დააბნია. მაგრამ  მათმა  ძალისხმევამ  შედეგიანი  აღმოჩნდა  და მუშაობას ხალისი  და  მოტივაცია  შეემატა.
    პროექტზე  მუშაობისას  ემოციებს ვერ  ვმალავდი,როცა  ვხედავდი,რა გულისყურით  ეკიდებოდნენ მოსწავლეები  სამუშაოს. ხშირად  იმაზე  მეტ  მასალას  იძიებდნენ, ვიდრე  საჭირო  იყო. მომდევნო  ორი  კვირა  ისინი  ერთმანეთს  ადარებდნენ  მკვლევართა    და  საკუთარ    მოსაზრებებს. ნახეს  რამდენიმე  ვიდეოფილმი  ტაო-კლარჯეთზე,  გულდასმით  შეისწავლეს  იმდროინდელი    რუკები  და შექმნეს  კედლის  გაზეთები: „გრიგოლ  ხანძთელის  გზა“  და „ სახეშეცვლილი  ტაო-კლარჯეთი“.  შეგროვებული  მასალების  მიხედვით  ჯგუფებმა  გააკეთეს პრეზენტაცია და  მთელი  მასალა  აიკრიბა ვიდეოსლაიდებად  PoverPoint-ში.
  პოექტზე  მუშაობისას პრობლემის გადაჭრის შემდეგ  მოსწავლეებმა  შეიძინეს  ცოდნა და  უნარ-ჩვევები, რომელთა  გამოყენება  პრაქტიკაში  შეძლეს. ამაღლდა  მოსწავლეთა  მოტივაცია  და გაიზარდა  პასუხისმგებლობის  გრძნობა.შეეჩვივნენ  ჯგუფურ მუშაობას  და თუ თავდაპირველად  ყველას  ჰქონდა  ლიდერობის  სურვილი, მუშაობის  პროცესში ეს  პრობლემა  მოგვარდა; თითოეულს  გაცნობიერებული  ჰქონდა  საკუთარი  როლი.
  პროექტზე  მუშაობისას  ვცდილობდი  არ  ჩავრეულიყავი  მოსწავლეთა  გადაწყვეტილებებში  და  მხოლოდ  კონსულტანტის  როლს  ვასრულებდი, ვხელმძღვანელობდი  სამუშაოს  ძიებას  და  კვლევის  დროს  მოსწავლეებს  მომართულებას  ვაძლევდი,ვუთითებდი   და  ინფორმაციას  ვაწვდიდი  გამოსაყენებელ  წყაროებზე. ვცდილობდი  სწორი  ორიენტირი  მიმეცა  მათთვის.
  პროექტის  წარდგენამ  ნათელი  გახადა, რომ  მოსწავლეებმა სამუშაოს  კარგად  გაართვეს  თავი.წყაროებზე  დაყრდნობითა  და  დაკვირვებით,   მოსწავლეებმა  პასუხი  გასცეს  კითხვას, რომ  გრიგოლ  ხანძთელის  ტაო-კლარჯეთში  გამგზავრება  იყო    გაუცხადებელი  მისია; იმ  გეგმის  ნაწილი, რომელიც   VIII-IX  საუკუნეებში    ძლიერი   პოლიტიკური  ცენტრის  შექმნასა  და  ტაო-კლარჯეთიდან არაბების  წინააღმდეგ   ბრძოლას  ისახავდა  მიზნად.
პროექტზე  მუშაობის  შემდეგ  მოსწავლეებმა   პასუხი  გასცეს  კითხვებს: „რა მასწავლა  პროექტმა“ ;   „რით  იყო  ჩემთვის  მნიშვნელოვანი  პროექტზე  მუშაობა“  და  სხვა.
პროექტი  დამეხმარა  გავრკვეულიყავი  იმ  მოთხოვნებში,რომლებიც  მოსწავლეთა  ინტერესების  დაკმაყოფილებას  შეძლებს.
    მიღებული  გამოცდილება  დამეხმარება  მომავალში   პროექტზე  მუშაობისას  ხარვეზების  აღმოფხვრასა  და  მოსწავლეთა  მოტივაციის  ამაღლებაში. 





სასწავლო  პროექტი  „არაბეთიდან  გულანშარომდე“.
შოთა  რუსთაველის  „ვეფხისტყაოსნის“  მიხედვით
                           რეფლექსია
ქართველებისთვის  შოთა  რუსთაველის  „ვეფხისტყაოსანი“  და   „ბიბლია“ ორი  უმთავრესი  წიგნია , რომლებიც    სულიერებისა  და  ადამიანური  ღირსების  ამაღლებაში  მნიშვნელოვან  როლს თამაშობენ. პოემის   სწავლებისას მოსწავლეები  დაინტერესდნენ ნაწარმოებში  მითითებული  ტოპონიმებით: გულანშარო, ხატაეთი  და  მულღაზანზარი.გაჩნდა  კითხვა-ეს  ქვეყნები  რეალურად  არსებობდა  თუნდაც  შორეულ  წარსულში, თუ  მხოლოდ  მწერლის  ფანტაზიის  ნაყოფი  იყო.მოსწავლეთა  უმეტესობა  თვლიდა, რომ  ცნობილი  ტოპონიმების:  არაბეთისა  და  ინდოეთის    გვერდით   მწერალი  არ გამოიყენებდა  გამოგონილ  სახელებს.მოსწავლეთა  ნაწილს  კი  მიაჩნდა,რომ   ეს  ტოპონიმები  მწერლის  ფანტაზიის  ნაყოფია, რადგან   გასული  საუკუნეებისა  და  თანამედროვე  პოლიტიკურ  რუკაზე  ამ ქვეყნების  არსებობის  კვალი  არ  ჩანს. მოსწავლეთა  ორივე  მხარის  მოსაზრება  იმდენად  საინტერესო  იყო, გადავწყვიტე  დამეგეგმა  და  განმეხორციელებინა პროექტი  „არაბეთიდან   გულანშარომდე“.
  პროექტის   განხორციელებისას  ვიყენებდი  საგნობრივ  სტანდარტებს:
ქარ.X.3. მოსწავლეს   შეუძლია  აუდიტორიის  წინაშე  მოხსენებით  გამოსვლისას  ზეპირი   კომუნიკაციის ეფექტიანობის  გასაძლიერებელი  ხერხების გამოყენება.
ქარ.X.6.მოსწავლეს  შეუძლია  სხვადასხვა  ტექსტების  გაანალიზება  და  შეფასება.
ქარ.X.7.მოსწავლეს  შეუძლია  განასხვავოს  ტექსტში  ფაქტობრივი, კონცეპტუალური  და  ქვეტექსტური  ინფორმაცია. მოიძიებს  და  იკვლევს  საჭირო მასალებს.
ქარ.X.მოსწავლეს  შეუძლია დაწეროს  გამოხმაურება  წაკითხულ  წიგნზე  ან  მხატვრულ  ნაწარმოებზე.
პროექტზე  მუშაობა  დავგეგმე  21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების  მიხედვით:
      *ინფორმაციის  კლასიფიკაცია, ანალიზი  და  სინთეზი  პრობლემის  გადასაჭრელად  და  კითხვებზე  პასუხის  გასაცემად.
      *იდეებისა  და  აზრების  ნათლად  გამოხატვა  წერილობითა  თუ  სიტყვიერი  ფორმით.
        *პასუხისმგებლობის  გაზიარება  მუშაობის  პროცესში.
        *დავალების  განსაზღვრა, პრიორიტეტების  მინიჭება  და  შესრულება  პირდაპირი  ზედამხედველობის  გარეშე.
პროექტზე  მუშაობის  დაწყებისას მოსწავლეებს  შევთავაზე  ემუშავათ  იმ  საკითხზე, რომელიც  მეტად  აინტერესებდათ.  ერთმა  ჯგუფმა  აირჩია    XII-XIII  საუკუნის  რუკებზე  მუშაობა  და  პერსონაჟთა  გადაადგილების ტრაექტორიის   სავარაუდო   რუკის შედგენა.ხოლო  მეორე  მეორე  ჯგუფმა  სამუშაოდ  აირჩია  ინფორმაციის მოძიება  ლიტერატურის  მკვლევართა მოსაზრებებზე.
ტოპონიმების: გულანშაროს, ხატაეთისა  და  მულღაზანზარის  შესახებ  მკვლევართა  ერთმანეთის  გამომრიცხავი  მოსაზრებები  არსებობს.  ამან ,  რა  თქმა  უნდა, დაბნეულობა   გამოიწვია, თავდაპირველად  მოსწავლეებს  მოუხდათ  დაეჯგუფებიათ  ერთი  და იმავე  აზრის  მატარებელი  ნაშრომები, ხოლო  შემდეგ  აერჩიათ   ის  მისაღები  მოსაზრებები,  რომლებიც რუკების  მიხედვით  ქვეყნების  განლაგებასა  და  პოემის მოქმედი  გმირების  გადაადგილების მარშრუტს   ემთხვეოდა
       პროექტზე  მუშაობის  დროს      პრობლემის  გადაჭრისას   მოსწავლეებმა  შეძენილი  ცოდნა  და  უნარ-ჩვევები  გამოიყენეს  პრაქტიკაში . ამაღლდა  მოსწავლეთა  მოტივაცია  და  გაიზარდა  მათი  პასუხისმგებლობა.  მოსწავლეები  ხალისით  ასრულებდნენ    სამუშაოს მაშინაც  კი,როდესაც  მისი  შესრულება   ხანგრძლივ  ძალისხმევას  მოითხოვდა.
   მუშაობის  პროცესში  ვცდილობდი  ვყოფილიყავი  მხოლოდ  კონსულტანტი  და პარტნიორი, არ  ჩავრეულიყავი  მათ გადაწყვეტილებებში. თუმცა  ვატარებდი  მონიტორინგს  და  ვაკვირდებოდი, რომ  მოსწავლეებს   არ გამორჩენოდათ მნიშვნელოვანი   და  ზედმეტი  ყურადღება  და  დრო  არ  დაეთმოთ  უმნიშვნელო  საკითხებზე.   ვხელმძღვანელობდი    და  კვლევის  დროს  მიმართულებას    ვაძლევდი, ვუთითებდი  რუსთველოლოგთა  და  მკვლევართა  იმ  ნაშრომებს,  რომლებიც  პროექტზე  მუშაობისას    უნდა  გამოეყენებინათ.
    პროექტზე  მუშაობის  დაწყებამდე  შევთანხმდით, რომ  დაკვირვებისა  და  ანალიზის    ობიექტი  შეფასებისას     იქნებოდა:
        *ინფორმაციის  მოძიება  და  ორგანიზება;
        *პრეზენტაციის  უნარი;
        *მსჯელობა;
მოსწავლეებმა  გაითვალისწინეს  ჩემი  თხოვნა  და  სამუშაოს  კარგად  გაართვეს  თავი. თითქმის  ყველა  აქტივობა  წარიმართა  გეგმის  შესაბამისად.  თუმცა  ერთ-ერთი  აქტივობის  განხორციელება  ვერ  მოხერხდა. დაგეგმილი  გვქონდა  ექსკურსია  მესხეთში, რაც  ობიექტური მიზეზების  გამო  ვერ  შევძელით. 
  მუშაობის  დამთავრების  შემდეგ  ორივე   ჯგუფმა  გააერთიანა  მოძიებული  და  შესრულებული  სამუშაო  და  მთელი  მასალა  აკრიბეს  ვიდეოსლაიდებად  PowerPoint-ში.
    რუკებზე  დატანილმა მოქმედი    გმირების   გადაადგილების  ტრაექტორიამ,  დრომ    და  მანძილმა, რომელიც  ზუსტად  იყო  გათვლილი  ნაწარმოებში,  მკვლევართა  მოსაზრებებმა და  ტერიტორიულმა  დამთხვევამ  მოსწავლეები  დაარწმუნა,  რომ  ტოპონიმები:  გულანშარო,  ხატაეთი  და  მულღაზანზარი  რეალურად არსებობდა  XII-XIII  საუკუნეებში  და  რომ  რუსთაველი  არა  მხოლოდ  სიტყვით  სიბრძნის გადმოცემის  დიდოსტატია ,არამედ  ის  თავის  დროის  კარგი  ქვეყანათმცოდნეც  იყო.
   პროექტი   წარმატებული  გამოდგა, მან  ახალი   ცოდნა  შესძინა  მოსწავლეებს, გაუღრმავა  ჯგუფური  მუშაობის  უნარები  და  პრობლემის  გადაჭრის  საშუალებების  ძიების  უნარი  გამოუმუშავა. 
   მუშაობისას  ყველაზე  ეფექტური  გამოდგა   რუკებზე  მუშაობისა  და    პერსონაჟთა  გადაადგილების    ტქაექტორიის  დატანა.
ერთ-ერთმა  ჯგუფმა  შექმნა  რუკა „ვეფხისტყაოსნის“  გმირების    მოქმედების  სივრცე“. 
   მომავალი  პროექტის  დაგეგმვისას    დიდ  დახმარებას  გამიწევს    მიღებული  გამოცდილება,  მოსწავლეებს   მეტ  თავისუფლებას  მივცემ   პროექტის  დაგეგმვაში,  ვეცდები  მნიშნელოვანი  როლი  მივანიჭო,  ისეთ  მოსწავლეებს,  რომელთაც უჭირთ   შესაძლებლობების  რეალიზება, რაც  ხელს  შეუწყობს გახდნენ  მეტად  მოტივირებული  და  თავდაჯერებული.





Comments

Popular posts from this blog

თემატური გეგმები

წრეები

სასწავლო პროექტების გეგმები და პრეზენტაციები